მაღალი კულტურა და განვითარებული ტექნიკა ხალხის ბედნიერებისათვის არ არის საკმარისი; არის ღირებულებანი, რომელიც ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში საუკუნეობით იქმნებიან და ყალიბდებიან და რომელთა დაკარგვაც დანაშაულია. ჩვენთვის ასეთია: მართლმადიდებლური სარწმუნოება, მოციქულთაგან ბოძებული, მუსიკა, - ყველას რომ აღაფრთოვანებს, ჩვენი ენა და დამწერლობა, იდუმალებით სავსე და დიდებული, გასაოცარი ხელოვნება, ხატწერა, არქიტექტურა, ჩვენი მშვენიერი წეს-ჩვეულებანი. სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რა სიმდიდრის მფლობელნი ვართ.
უწმიდესი და უნეტარესი ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა
ქართულმა არქიტექტურამ, რომელსაც მუდმივი კავშირი ჰქონდა შუა საუკუნეთა დასავლეთისა და წინა აღმოსავლეთის სხვა ხალხთა არქიტექტურასთან, მკაფიო ეროვნული თავისებურება შეიმუშავა. მას მუდმივად ახასიათებდა მონუმენტალურობა და იმავე დროს მასშტაბის ადამიანურობა; სიმკაცრე და ზომიერება ,,ემოციათა” გამოსახვისას, იმავე დროს, მაჟორული, ხალისიანი განწყობილება; ეგზალტაცია და მისტიკა მისთვის უცხოა; თვით საეკლესიო შენობებშიც კი საერო, ,,ამქვეყნიური” განწყობილებაა; ქართული ხელოვნების ნაწარმოების აგებულება მუდამ ტექტონიკურია, კლასიკურად ნათელი და მკაფიო; იგი მუდამ რაციონალურია, მაგრამ ამავე დროს, პოეტური. თავისი აყვავების ეპოქებში ქართული ხუროთმოძღვრება მოწინავე იდეების მატარებელი იყო. მან ბევრი ნაწარმოები შექმნა და თვალსაჩინო წვლილი შეიტანა მსოფლიო ხელოვნების საგანძურში.
ვახტანგ ბერიძე – ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.